ქართული ენა
ვიკიპედიიდან
ქართული ენა ქართული ენა |
|
---|---|
მოლაპარაკეთა რაოდენობა | დაახ. 4 მლნ.-ზე მეტი |
გავრცელებულია | საქართველო, ირანი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | კავკასიური ენები |
დამწერლობის სისტემა | ქართული დამწერლობა |
ოფიციალური სტატუსი | საქართველო |
ენის კოდები | ISO 639-1: ka ISO 639-2: geo (B) kat (T) ISO/FDIS 639-3: kat |
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მის პარალელურად სახელმწიფო ენად აღიარებულია აგრეთვე აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 7 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ქართულის მონათესავე მეგრული, ლაზური და სვანური ენები, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენას და საერთოდ, - ქართული ენის ისტორიის შესწავლას.
- თანამედროვე ქართულ ენაში არის შვიდი ბრუნვა, მრავალპირიანი უღლება.
- ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხური კი თავის მხრივ მიღებულია ასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი). თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით (ქართული ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია) შედგენილობას.
- ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებად დღემდე ითვლებოდა დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ.წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასევე ასომთავრული წარწერა (492-493 წწ). აწ განსვენებული ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000-2003 წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ ქართული ანბანი ქრისტიანობამდეა შექმნილი. კერძოდ, აღმოჩენილ იქნა წარმართული ხანის, მითრას კულტის სახელზე აგებული ტაძრის ნაშთები, რომლის მარანში, საწნახელზე და ქვევრის თავებზე აღმოჩენილი წარწერები ახ.წ. I-II საუკუნეებით თარიღდება.
ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას, ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.
ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები - ქართლური და კახური დაედო.
თანმამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.
თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვან სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხარტვრული, ორიგინალური , თარგმნითი სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა. ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი) ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწტყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა.
სექციების სია |
[რედაქტირება] კილოები
ქართულ ენაში გამოიყოფა შემდეგი კილოები:
- ქართლური კილო
- კახური კილო
- ფშაური კილო
- თუშური კილო
- ხევსურული კილო
- მთიულური კილო
- მოხეური კილო
- ინგილოური კილო
- იმერული კილო
- გურული კილო
- აჭარული კილო
- რაჭული კილო
- მესხური კილო
- ჯავახური კილო
- იმერხეული კილო
- ფერეიდნული კილო
[რედაქტირება] ქართული ენა ქართულ კულტურასა და ეროვნულ ცნობიერებაში
ქართული ეროვნული სულის გამომხატველი სამების „ენა, მამული, სარწმუნოება“ პირველი ქვაკუთხედი.
„ენა, მამული, სარწმუნოება“-ს საწყისი სახე „მამული, ენა, სარწმუნოება“ ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს: «სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს...»
იოანე ზოსიმე, „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“:
«დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან... და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა...»
ლიტერატურა: ზვიად გამსახურდია, „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“
[რედაქტირება] 1978 წლის 14 აპრილი
ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ.
ქართული ენა ქართველი ერის მეობის ერთ-ერთი მთავარი გამომხატველია. ქართველობა ყოველთვის უფრთხილდებოდა‚ იცავდა და ამდიდრებდა თავის ენას‚ რის შესანიშნავ დადასტურებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ 1978 წლის აპრილის მოვლენები თბილისსა და ზოგადად მთელს საქართველოში. გარუსების დასაჩქარებლად და ერთიანი საბჭოთა ერის ჩამოსაყალიბებლად საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციიდან ამოეღო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ‚ რაც თავისთავად გამოიწვევდა რუსულის სახელმწიფო ენად დამკვიდრებას მთელს საბჭოეთში‚ რამეთუ საბჭოთა კონსტიტუციით სწორედ რუსული ენა იყო სსრკ-ის სახელმწიფო ენა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი ქართველი ერი.
1978 წლის 14 აპრილს‚ მაშინ როდესაც მარიონეტულ უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა სსსრ-ის კონსტიტუცია‚ რომლიდანაც „გამქრალი“ იყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ‚ თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ (დღევანდელი პარლამენტი). ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ სსსრ-ის კპ-ის იმჟამინდელი გენერალური მდივანი‚ ამხანაგი ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად. ვერც დაპირებამ გაჭრა‚ ვერც მუქარამ და ვერც დაყვავებამ. სსსრ-ის კპ-ის ხელმძღვანელობამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო – სისხლისღვრა ან დათმობა‚ მაგრამ გადაწყვეტილება მოსკოვში იღებოდა. ამხ. ედ. ამ. შევარდნაძე მოსკოვის საქმის კურსში ჩასაყენებლად და მოსკოვისაგან მითითებათა მისაღებად უმაღლესი საბჭოს შენობაში შებრუნდა. დაუკავშირდა მოსკოვს‚ აცნობა შექმნილი ვითარება და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო.
ეს იყო ქართველი ერის დიდი გამარჯვება – კომუნისტური რეჟიმი იძულებული გახდა შეეცვალა გადაწყვეტილება – ქართული ენის როგორც საქართველოს (სსსრ იმჟამად) სახელმწიფო ენის სტატუსი გარანტირებული იყო კონსტიტუციით. 14 აპრილი არის ეროვნული დღესასწაული – დედაენის დღე.
მსგავსი მოვლენები მოხდა 1978 წლის 25 მაისს ბათუმშიც‚ როდესაც უნდა დაემტკიცებინათ აჭარის ასსრ-ის კონსტიტუცია, რომლიდანაც ასევე „გამქრალი“ იყო მუხლი ქართული ენის შესახებ.
[რედაქტირება] იხ. ასევე
ქართველური ენები | |
ქართული | მეგრული | ლაზური | სვანური | |
ქვეჯგუფი: კავკასიური ენები. |