პლუტარქე
ვიკიპედიიდან
მესტრიუს პლუტარქუსი (ბერძნ. Πλούταρχος, ლათ. Mestrius Plutarchus) (*დაახ. 46, ქერონეა, ბეოტია ― † 127, დელფო) ბერძენი ისტორიკოსი, ბიოგრაფი და ესეისტი.
დაიბადა მცირე ქალაქ ქერონეაში, ბერძნულ რეგიონში - ბეოტია, შესაძლოა რომაელი იმპერატორი კლაუდიუსის მმართველობის პერიოდში. პლუტარქი ბევრს მოგზაურობს ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროში, მათ შორის ორჯერ რომში. მშობლების სიმდიდრის წყალობით 67 წლიდან პლუტარქს ფილოსოფიის, რიტორიკისა და მათემატიკის სწავლის შესაძლებლობა მიეცა ათენის აკადემიაში.
მას რამდენიმე გავლენიანი მეგობარი ჰყადა, მათ შორის სოსკიუს სენეციო, ფუნდანუსი და ლუციუს ფლორუსი, მნიშვნელოვანი სენატორები, რომელთაც პლუტარქმა რამდენიმე მისი ბოლო ნამუშევარი მიუძღვნა და მათ დახმარებით მან რომის მოქალაქეობა მიიღო. თითქმის მთელი ცხოვრება მშობლიურ ქალაქ ხერონეაში გაატარა, სადაც იგი 50 წლის ასაკში ბერძნული ღმერთი აპოლონის ქურუმი გახდა. თუმცა მისი მოვალეობანი, როგორც დელფიის ორაკულის აპოლონის ორი ღვთისმსახურის ზედამხედველისა (სადაც მას პითიას წინასწარმეტყველებათა ინტერპრეტაცია ევალებოდა), მისგან დიდ დროს არ ითხოვდა - ის აქტიურ სოციალურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა და უზარმაზარი რაოდენობის ნაშრომები აქვს შექმნილი.
მას დაწერილი აქვს ტრაქტატების მთელი სერია, ბერძნული ქალაქების ყოფაცხოვრებაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, მეგობრობაზე და რელიგიურ საკითხებზე. ამ ნაშრომებიდან ჩვენამდე საკმაოდ ცოტამ მოაღწია. ამის გარდა მას ეკუთვნის გამოჩენილი პიროვნებების ბიოგრაფიები. ნაწარმოებების ქრონოლოგიურად დალაგება ძალიან რთულია. ამის გარდა მას მთელი რიგი პედაგოგიკური ნაშრომებიც ეკუთვნის, მაგალითად "როგორ უნდა უსმენდეს ახალგაზრდა პოეტებს", "როგორ უნდა ისარგებლოთ ლექციით" და სხვა. პლუტარქეს ინტერესთა სფეროში შედიოდა ფსიქოლოგიაც და რელიგიაც, ამ თემებზეც მას აქვს არაერთი ნაწარმოები. მის ნაშრომებში აღსანიშნავია "ბერძნული საკითხები" და "რომაული საკითხები" სადაც იგი განიხილავს სხვადასხვა წესჩვეულებების ჩამოყალიბების ისტორიას.
მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი ნაშრომებისა, პლუტარქე პოპულარული გახდა არა ეთიკური ნაწარმოებებით არამედ ბიოგრაფიებით. ამ ბიოგრაფიების წერისას იგი ხელმძღვანელობდა ხელმისაწვდომი ისტორიული წყაროებით, მაგრამ მისთვის მთავარი ისტორია კი არ იყო არამედ ადამიანთა პორტეტები, მათი ფსიქოლოგია, თუმცა ჩვენთვის ამ ბიოგრაფიებს ძალიან დიდი ისტორიული ფასეულობა აქვს, ვინაიდან იმ წყაროებიდან, რითაც პლუტარქე სარგებლობდა, ჩვენამდე ძალიან მცირე ნაწილმა მოაღწია. ბიოგრაფიების წერით იგი ახალგაზრდობიდანვე იყო გატაცებული, მაგრამ მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "პარალელური ბიოგრაფიები". ეს არის სახელგანთქმული ბერძნების და რომაელების წყვილწყვილად შედარებული ბიოგრაფიები. ზოგიერთი გმირები ძალიან ზუსტათაა დაწყვილებული, მაგალითად თეზევსი და რომულუსი რომის და ათენის დამაარსებლები, პირველი კანონმდებლები ლიკურგოსი და ნუმა პომპილიუსი, უდიდესი მხედართმთავრებიო და ლიდერები ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი. ბიოგრაფიების შემდეგ პლუტარქე წერს შედარებით დახასიათებას, მაგრამ ზოგ წყვილს ესეთი დახასიათება არ მოყვება. თავდაპირველად არსებობდა 23 წყვილი, მაგრამ ეპამინოიდი და სციპიონ აფრიკელი დაიკარგა.
პლუტარქემ მთელი ცხოვრება მიუძღვნა საზოგადო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, იგი ცდილობდა გაერღმავებინა ბერძნული კულტურის მნიშვნელობა. მისი ნაშრომები ანტიკური ხანისას და ბიზანტიის იმპერიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. XV საუკუნეში მისი ნაშრომები ლათინურად ითარგმნა და ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპაში.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
პლუტარქეს ბიოგრაფია (რუსულ ენაზე)