იალტა
ვიკიპედიიდან
იალტა (უკრ.: Ялта, ყირიმ. თათრ.: Yalta) ქალაქია ყირიმში, სამხრეთ უკრაინა, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ქალაქი მდებარეობს ძველი ბერძნული კოლონიის ნამოსახლარზე, რომელიც ლეგენდის თანახმად ბერძენმა მეზღვაურებმა დააარსეს მყუდრო ნავსაყუდელის ძებნისას. იალტა გარშემორტმულია ტყიანი მთებით, აქვს ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული კლიმატი და ისტორიულად ყურძნის ვენახებითა და ბაღებით იყო ცნობილი.
იალტის არსებობა პირველად მე-12 საუკუნეში დაფიქსირდა არაბი გეოგრაფის მიერ, რომელმაც იგი ბიზანტიურ პორტად და მეთევზეთა დასახლებად მონათლა. მე-14 საუკუნეში ქალაქი გენუის სავაჭრო კოლონიათა სისტემის ნაწილი ხდება და მოიხსენიება როგორც ეტალიტა ან გალიტა. 1475 წელს იალტა დანარჩენ ყირიმთან ერთად ოსმანთა მიერ იქნა შეპყრობილი, რომლებმაც იგი ნახევრად დამოუკიდებელ ყირიმის სახანოდ აქციეს. 1783 წელს იალტა რუსეთის იმპერიამ შეიერთა მთელ ყირიმთან ერთად, რაც რუსეთ-თურქეთის ომის საბაბი გახდა 1787-1792 წლებში.
მე-19 საუკუნეში ქალაქი პოპულარული კურორტი, დასასვენებელი ადგილი ხდება რუსეთის არისტოკრატიისა და ჩინოსნებისთვის. მწერლები ლევ ტოლსტოი და ანტონ ჩეხოვი ზაფხულს აქ ატარებდნენ. ქალაქი ასევე მჭიდროდ ასოცირდება სამეფო კართან. 1889 წელს ალექსანდრე III-მ იალტის შორიახლოს მასანდრას სასახლე ააგო, 1911 წელს კი ნიკოლოზ II-მ ლივადიას სასახლე ააშენა ქალაქის სამხრეთით.
მე-20 საუკუნეში იალტა საბჭოთა კავშირის უმთავრესი შავიზღვისპირა კურორტი ხდება. 1920 წელს ლენინი ხელს აწერს დეკრეტს "ყირიმის მშრომელი ხალხისთვის სამკურნალო მიზნებით გამოყენების შესახებ", რის შედეგადაც რეგიონი ექსკლუზიური დასასვენებელი ადგილიდან სოციალიზმის მშენებლობით დაღლილ პროლეტართა მასობრივ გამაჯანსაღებელ ცენტრად გადაიქცა. იალტის გარშემო უამრავი სანატორიუმი გაშენდა. იალტაში ისვენებდა საბჭოთა ელიტაც. სტალინი მასანდრას სასახლეს საზაფხულო რეზიდენციად იყენებდა.
ქალაქი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა 1945 წელს იალტის კონფერენციაზე დიდი სამეულის (სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთის პირველი პირები) შეხვედრისას, რომელიც ლივადიას სასახლეში გაიმართა.
1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ იალტის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ახლად გამდიდრებულთა უმრავლესობა უპირატესობას ევროპის კურორტებს ანიჭებს საზღვრების გახსნის შემდეგ. მეორეს მხრივ, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკურ გაჭირვებაში უკვე იალტაშიც ვეღარ ახერხებს დასვენებისთვის საკმარისი სახსრების შოვნას. თუმცა ბოლო წლებში იალტა ეკონომიკურად ისევ მომჯობინდა, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა და ტურისტებიც დაბრუნდნენ. დამსვენებლებთა უმრავლესობას ჯერჯერობით მხოლოდ რუსები და უკრაინელები შეადგენენ.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში