ჯექსონ პოლოკი
ვიკიპედიიდან
პოლ ჯექსონ პოლოკი (Paul Jackson Pollock) (28 იანვარი, 1912 – 11 აგვისტო, 1956) გავლენიანი ამერიკელი ხელოვანი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდევრობის ერთ-ერთი თანადამაარსებელი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა კოდიში, ვაიომინგი, იზრდებოდა არიზონასა და კალიფორნიაში, 1930 წელს ძმასთან, ჩარლზ პოლოკთან ერთად, გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც ორივე თომას ჰარტ ბენტონთან სწავლობდნენ ხელოვან სტუდენტთა ლიგაში. ბენტონის გავლენა პოლოკზე შეინიშნება მის მრუდხაზოვან რითმებსა და პროვინციული ამერიკის თემებში. პოლოკის ადრეულ რეპრეზენტაციულ ნამუშევრებს მექსიკელი მიურალისტების დევიდ ალფარო სიქეიროს, ხოზე კლემენტე ოროზკო და დიეგო რივერას გავლენა ეტყობა. 1936 წელს მას სექეიროს სახელოსნოშიც კი უმუშავია. თუმცა, პიკასოსა და სიურეალისტური ხელოვნების გამოფენების ნახვის შემდეგ მისი ნამუშევრები უფრო სიმბოლისტური ხდება.
1930-იანებში ის ბევრს მოგზაურობს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და 1934 წელს ნიუ-იორკში სახლდება. მოგვიანებით მას მწვავე დეპრესია უყალიბდება და რამდენიმე წელს ფსიქოანალიტიკური თერაპიის ქვეშ ატარებს. ამ პერიოდში მას ინტერესი უღვივდება კარლ იუნგის პრიმიტიული არქეტიპების თეორიისადმი, რაც მისი 1938-1944 წლების ნამუშევრების საფუძველი ხდება. ეს ნამუშევრები ძალადობით გამოირჩევა და თავდაპირველად პუბლიკის მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული.
[რედაქტირება] შემოქმედება
პოლოკის პირველი სოლო შოუ მოეწყო პეგი გუგენჰაიმის “საუკუნის ხელოვნების გალერეაში" (ნიუ-იორკი) 1943 წელს.
1944 წელს პოლოკი ქორწინდება მისი მრავალი წლის მეგობარ ლი კრასნერზე და 1945 წელს ისინი სპრინგში, ლონგ-აილენდის ისტ-ჰამპტონის რაიონში, გადადიან. აქ მათ სოფლის დიდი სახლი ჰქონდათ, სადაც პოლოკმა საქონლის სადგომი სტუდიად გადააკეთა. მისი ხატვის სტილი დრამატულად იცვლება 1947 წლიდან. იგი მუშაობას იწყებს იატაკზე დაფენილ უზარმაზარ ტილოებზე და განავითარა, როგორც თავად უწოდებდა, “დაწვეთების” ან “დასხმის” ტექნიკა. ის თავის ფუნჯებს იყენებდა საღებავის ტილოზე დასასხმელად ტილოზე ფუნჯის დაუკარებლად. ამით მან შეცვალა ფუნჯისა და პალიტრის გამოყენების დასავლური ტრადიცია და ასევე მხოლოდ ხელისა ან მაჯის გამოყენებიდან მთელი სხეულით ხატვაზე გადავიდა. ხატვის ასეთი სტილის გამო მას მეტსახელად “მჟონავი ჯეკი” (Jack the Dripper) შეარქვეს.
მისი ტექნიკის ამგვარი ცვლილება შესაძლოა მრავალ გავლენას მივაწეროთ. 1947-48 წლების ზამთარში პოლოკმა ავანგარდულ პერიოდულ გამოცემაში გამოაქვეყნა კომენტარი, სათაურით "შესაძლებლობანი" (Possibilities), რომელშიც თავის ახალ სტილს ასე აღწერდა: “...ხატვის დაწყებამდე ტილოს თითქმის არასდროს ვჭიმავ, მირჩევნია კედელზე ან იატაკზე გაფენილ ტილოზე ვხატო. მე მყარი ზედაპირის წინაღობა მჭირდება. იატაკზე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. უფრო ვუახლოვდები, ნახატის ნაწილი ვხდები, ვინაიდან ასე შემიძლია მის გარშემო ვიარო, ოთხივე მხრიდან ან პირდაპირ ნახატში ვიმუშაო.” ეს შესაძლოა ამერიკელი ინდიელების ქვიშაზე ხატვის მეთოდიდან გამომდინარეობდეს. ის აგრძელებს: “ფუნჯებსა და პალიტრას მირჩევნია ჯოხები, დანები, მწვეთავი თხევადი საღებავი ან მძიმე ქვიშანარევი მასა, მინის ნატეხები და სხვა უცხო საგნების დამატება… როცა ვხატავ, არ ვაანალიზებ რას ვაკეთებ. მხოლოდ ე.წ. ‘გაცნობის’ პერიოდის შემდეგ ვხედავ ამას. არ მეშინია ცვლილებების გაკეთების ან გამოსახულების გაფუჭების და ა.შ., ვინაიდან ნახატს საკუთარი ცხოვრება აქვს. მე ვცდილობ მას გამოსავალი მივცე. ნახატთან კონტაქვს რომ ვკარგავ, მხოლოდ მაშინ გამოდის შედეგი უაზრობა. სხვანაირად ეს წმინდა ჰარმონია, ადვილი ურთიერთგაცვლაა და ნახატიც კარგი გამოდის.” პოლოკი უარჰყოფდა შემთხვევითობას, მას, როგორც წესი, გააზრებული ჰქონდა თუ როგორი უნდა გამოსულიყო ესა თუ ის ნამუშევარი. ეს იყო მისი სხეულის მოძრაობა, რისი კონტროლიც მას შეეძლო, შერეული საღებავის დაუნდობელ დენასთან, გრავიტაციის ძალასა და იმასთან, თუ როგორ შეიწოვდა ტილო საღებავს. ანუ მართვადისა და უმართავის ნარევი. შხეფებით, წვეთებით, დასხმით ის ენერგიულად მოძრაობდა ტილოს გარშემო, თითქმის ცეკვასავით, და არ ჩერდებოდა სანამ იმას არ მიიღებდა რისი ნახვაც სურდა.
როცა 1948 წელს ბეტი ფრიდმანის გალერეაში ამ ნამუშევართა პირველი წყება იქნა გამოფენილი, მან მყისიერი სენსაცია მოახდინა და იმდღესვე მთელი სერია გაიყიდა. ამან პოლოკს საშუალება მისცა უფრო დიდი სტუდია აეშენებინა და 1950 წელს მის ყველაზე განთქმულ 6 ნახატის სერიას ქმნის. ჟურნალი თაიმი მას 1951 წელს "უდიდეს ცოცხალ ამერიკელ ხელოვანს" უწოდებს.
პოლოკის ნამუშევრები 1951 წლის შემდეგ მუქ ფერებშია შესრულებული, ხშირად მხოლოდ შავი საღევაბებით და მათში ისევ შეინიშნება ადრინდელი ფიგურაციული ელემენტები. პოლოკი გადადის უფრო კომერციულ გალერეაში, სადაც კოლექციონერთა მოთხოვნა ახალ ნამუშევრებზე ძალზე მომთხოვნი იყო. შედეგად მისი ალკოჰოლიზმი მწვავდება. პოლოკის კარიერა უეცრად დასრულდა ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო მომხდარ ავტოკატასტროფაში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის სტუდიაში დარჩენილი ყველა ნამუშევარი გაყიდულ იქნა, იმ ნამუშევრების ჩათვლით, რომელთა გასხვისებას ის არ აპირებდა.
1973 წელს ავსტრალიის ეროვნულმა გალერეამ მისი 1952 წლის ტილო სახელად “ლურჯი პოლუსები” $2 მილიონად იყიდა, რაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშისთვის გადახილი უდიდესი თანხა იყო იმ დროისთვის.
მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმები “ჯეკსონ პოლოკი” (1987) და “ჯეკსონ პოლოკი - სიყვარული და სიკვდილი ლონგ-აილენდზე” (1999), და ასევე მხატვრული ფილმი “პოლოკი” (2000), რომელშიც მთავარ როლს ედ ჰარისი ასრულებს.
[რედაქტირება] მნიშვნელოვანი ნამუშევრები
- (1942) "მამაკაცი და ქალი" ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი
- (1943) "Moon-Woman Cuts the Circle"
- (1942) "სტენოგრაფიული ფიგურა" თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)
- (1943) "ძუ მგელი" თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)
- (1943) "ლურჯი (მობი დიკი)" ოჰარას ხელოვნების მუზეუმი
- (1946) "Eyes in the Heat" პეგი გუგენჰაიმის კოლექცია (ვენეცია)
- (1946) "გასაღები" ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი
- (1946) "ჩაის ფინჯანი" ფრიდერ ბურდას კოლექცია
- (1946) "Shimmering Substance", from "The Sounds In The Grass" თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)
- (1947) "Full Fathom Five" ნიუბერგერის მუზეუმი
- (1947) "კათედრალი"
- (1947) "შერწყმა"
- (1948) "ნახატი"
- (1948) "ნომერი 8"
- (1948) "ზაფხული: ნომერი 9ა" ტეიტ მოდერნი (ლონდონი)
- (1950) "Lavender Mist: Number 1, 1950" ხელოვნების ეროვნული გალერეა (ვაშინგტონი)
- (1950) "შემოდგომის რითმი: #30, 1950"
- (1950) "ერთი: #31, 1950"
- (1951) "ნომერი 7"
- (1952) "ლურჯი პოლუსები: #11, 1952"
- (1953) "აღდგომა და ტოტემი" თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)
- (1953) "ოკეანის სირუხე"