ძალა
ვიკიპედიიდან
ძალა – ფიზიკაში, სიდიდე, რომელიც მოცემულ მატერიალურ სხეულზე სხვა სხეულების მექანიკური მოქმედების ზომას წარმოადგენს. ეს მოქმედება სხეულის წერტილების სიჩქარეების ცვლილებას ან სხეულის დეფორმაციას იწვევს. მას სხეულთა უშუალო კონტაქტის დროს აქვს ადგილი; მოქმედება აგრეთვე სხეულთა მიერ შექმნილი ველების საშუალებით გადაეცემა. ძალა ვექტორული სიდიდეა და დროის ნებისმიერ მომენტში სივრცეში გარკვეული მიმართულებით, მოდების წერტილით და მოდულით ხასიათდება. ძალთა შეკრება პარალელოგრამის წესით წარმოებს. ძალა ან მუდმივია (როგორც, მაგალითად, სიმძიმის ძალა), ან გარკვეული წესითაა დროზე დამოკიდებული (ცვლადი ელექტრომაგნიტური ველი); არსებობენ სიჩქარეზე (გარემოს წინააღმდეგობის ძალა) და მოდების წერტილის მდებარეობაზე დამოკიდებული ძალები. SI – ში ძალის ერთეულია 1 ნიუტონი.