მონღოლთა ბატონობა საქართველოში
ვიკიპედიიდან
მონღოლთა ბატონობა საქართველოში, XIII-XIV საუკუნეებში მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, გულისხმობს მმართველობის ორგანიზაციას, სამხედრო ბეგარას, საგადასახადო სისტემას, ხარკს და დამპყრობთა სახელით ფულის მოჭრას.
მონღოლები პირველად 1220 გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან. 1220-1221 სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. 1235 მონღოლები კვლავ მოვიდნენ საქართველოში. ქვეყნის მესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს. ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, მერე კი მტერს დანებდნენ. მეფე რუსუდანმა დასავლეთ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან დახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ის დაპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა. საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილეობა დაეკისრა. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში, მონღოლებმა საქართველო დაყვეს დუმნებად, რომელთა სათავეში დააყენეს ქართველი ერისმთავრები. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფათ და მონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში. ხარკის სიმძიმითა და მონღოლთა ლაშქრობებით გაბეზრებულმა ქართველ მთავრებმა აჯანყების მოწყობა გადაწყვირეს და კოხტასთავს შეიკრიბნენ სათათბიროდ, მონღოლებმა შეიტყვეს შეთქმულების ამბავი და დააპატიმრეს შეთქმულნი. აჯანყება ჩაიშალა.