კავკასიონი
ვიკიპედიიდან
კავკასიონი - მთიანი სისტემა და ქედი კავკასიის რეგიონში, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის. კავკასიონი, როგორც მთათა სისტემა, ორ ნაწილად იყოფა: დიდი კავკასიონი და მცირე კავკასიონი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეტიმოლოგია
სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან “kaukasos”, რომელსაც თავის მხრივ სავარაუდოდ ძველირანული ("kapkah" - დიდი მთა) ან ხეთური ("kazkaz" - ტომის სახელია) წარმოშობა აქვს. არსებობს აგრეთვე ბევრი სხვა ახსნა ტერმინისა, ძირითადად ადგილობრივ ენებზე.
[რედაქტირება] დიდი კავკასიონი
დიდი კავკასიონი - მთიანი მხარე, რეგიონს ორ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთი კავკასია და სამხრეთი კავკასია. მისი სიგრძეა 1100 კმ, სიგანე - 180 კმ. მისი ღერძი არის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი და კავკასიონის გვერდითი ქედი, რომელთაც მთელ სიგრძეზე გასდევს 4000-5000 მ სიმაღლის განივი და გრძივი ქედები. დიდი კავკასიონის სისტემის ყველაზე მაღალი მთაა იალბუზი , რომლის სიმაღლეა 5642 მ. ამ მაჩვენებლით იგი ითვლება ევროპის უმაღლეს მწვერვალად და უსწრებს ცნობილ მონბლანს. დიდი კავკასიონი 3 ნაწილად იყოფა:
- დასავლეთი კავკასიონი - მონაკვეთი შავი ზღვის სანაპიროდან იალბუზამდე.
- ცენტრალური კავკასიონი - მონაკვეთი იალბუზსა და მყინვარწვერს შორის.
- აღმოსავლეთი კავკასიონი - მონაკვეთი მყინვარწვერის აღმოსავლეთით.
დიდი კავკასიონი ითვლება ევროპისა და აზიის ბუნებრივ საზღვრად. უფრო დაწვრილებით იხილეთ სტატიაში: ევროპა-აზიის საზღვარი.
[რედაქტირება] მცირე კავკასიონი
მცირე კავკასიონი - მთიანი მხარე, მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის მთიანეთის ჩრდილოეთით. დიდ კავკასიონთან იგი დაკავშირებულია სურამის (ლიხის) ქედით. მისი სიგრძე 600 კმ-ს აღწევს, მაქსიმალური სიმაღლე 3724 მ-ს (მთა გიამიში).
[რედაქტირება] მნიშვნელოვანი პიკები
ცხრილში მოყვანილია კავკასიის 10 უდიდესი პიკი.
პიკის სახელი | სიმაღლე (მ) | სიმაღლე (ფუტი) | ქვეყანა |
---|---|---|---|
იალბუზი | 5,642 | 18,506 | რუსეთი |
შხარა | 5,201 | 17,060 | საქართველო |
დიხ-ტაუ | 5,198 | 17,054 | რუსეთი |
კოშტან-ტაუ | 5,150 | 16,896 | რუსეთი |
პუშკინის პიკი | 5,100 | 16,732 | რუსეთი |
ჯანგა | 5,051 | 16,572 | რუსეთი/საქართველო |
მყინვარწვერი | 5,047 | 16,558 | საქართველო |
თეთნულდი | 4,974 | 16,319 | საქართველო |
კატინ-ტაუ | 4,970 | 16,306 | რუსეთი |
რუსთაველის პიკი | 4,960 | 16,273 | საქართველო |