თამბაქო
ვიკიპედიიდან
თამბაქო (Nicotiana), ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ნაყოფი კოლოფია. ამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელებულია 60-ზე მეტი სახეობა. კულტივირებულია 2 სახეობა: კულტურული ანუ მოსაწევი თამბაქო (Nicotiana tabacum) და წეკო (Nicotiana rustica). დეკორატიულ მებაღობაში თამბაქოს ისეთ სახეობებს იყენებენ, რომლებსაც დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს.
მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. აქვს სწორი, მომრგვალო, 2,5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ზემოთ დატოტვილია. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარეა ან ყუნწიანი, კიდემთლიანი. ფირფიტა ოვალური, მომრგვალო ან ელიფსირია, ფერად მწვანე (იშვიათად ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო). ყვავილები ხუთწევრიანი ვარდისფერი, წითელი ან თეთრია, შეკრებილია ციმოზური ტიპის ყვავილედად მთავარ ღეროსა და გვერდითი ტოტების კენწეროებზე. ნაყოფში დიდი რაოდენობითაა წვრილი, მუქი ყავისფერი თესლი (1000 თესლი 60-80 მგ-ს იწონის).
თამბაქოს სავეგეტაციო პერიოდია 135-170 დღე. იგი სითბოსმოყვარული (თესლის გაღივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 27-28°C, ღეროსა და ფოთლების ზრდა-განვიტარებისათვის 24-28°C) და ტენის მომთხოვნი (განსაკუთრებით სრული შეფოთვლის პერიოდში) მცენარეა, საკვებ ნივთიერებებსაც დიდი რაოდენობით ითვისებს. კარგად ხარობს მსუბუქ და საშუალო შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე. ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდებაზე, ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობაზე. თესლი შეიცავს 30-35% ცხიმოვან ზეთს, რომელსაც იყენებენ ტექნიკური მიზნებისათვის (საცხები მასალისათვის).
თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. ევროპაში (ესპანეთი, პორტუგალია, შემდეგ საფრანგეთი, გერმანია, იტალია) ამერიკიდან შემოიტანეს XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში. პირველად მოაშენეს დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. რუსეთში თამბაქო გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში. საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ - აჭარაში და ბოლოს - აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
- თამბაქოს დაავადებანი და მავნებლები
- თამბაქოს მრეწველობა
- თამბაქოს ნაწარმი
- თამბაქოს წევა