ენციკლოპედია
ვიკიპედიიდან
ენციკლოპედია (<ბერძნ. enkyklios paideia - ცოდნის წრე), მეცნიერული გამოცემა (ჩვეულებრივი ლექსიკონის სახით), რომელიც ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს (უნივერსალური ენციკლოპედია) ან რომელიმე ცალკეულ დარგს (დარგობრივი ენციკლოპედია). ტერმინი "ენციკლოპედიის" მნიშვნელობა ისტორიულად იცვლებოდა. ანტიკურ ხანაში "ენციკლოპედია" აღნიშნავდა ე. წ. შვიდ თავისუფალ ხელოვნებას (გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა ანუ ლოგიკა, გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა და ასტრონომია). XVI საუკუნეში დასავლეთ ევროპაში "ენციკლოპედია" დაახლოებით ნიშნავდა "სხვადასხვა შინაარსის კრებულს". შემდგომ თანდათან შეიძინა ცოდნათა კლასიფიკაციის მნიშვნელობა და მოგვიანებით გამოიკვეთა მისი დღევანდელი სახე. სტრუქტურის მიხედვით ენციკლოპედია შეიძლება იყოს სისტემური (როცა მასალა განლაგებულია დარგობრივად) და ანბანურად (როცა მასალა განლაგებულია ანბანზე).
სექციების სია |
[რედაქტირება] ადრეული ნაშრომები
ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომები გვხვდება ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულშის II მეოთხედში ეგვიპტეში, ძვ. წ. XII-X საუკუნეებში ჩინეთში თავისებური ტერმინოლოგიური ლექსიკონების სახით; ძვ. საბერძნეთში თავისი მრავალმხრივობით ენციკლოპედიური იყო დემოკრიტესა (ძვ. წ. 460 - ძვ. წ. 370) და არისტოტელეს (ძვ. წ. 384 - ძვ. წ. 322) ნაშრომები; ძვ. რომში ერთ-ერთი პირველი ენციკლოპედია იყო მარკუს ტერენციუს ვარონის (ძვ. წ. 116 - ძვ. წ. 27) 9 წიგნისაგან შემდგარი თხზულება "დისციპლინები".
ყველაზე ადრეული არაბულენოვანი ენციკლოპედია არის უზბეკური წარმომავლობის ფილოსოფოსის ალ-ფარაბის (დაახლოებით 870-950) "მეცნიერებათა ნუსხა"; ტაჯიკმა მეცნიერმა იბნ სინამ დაწერა ენციკლოპედიური ტრაქტატი "დონიშნომა" ("ცოდნის წიგნი"), XV საუკუნის დასაწყისში ჩინეთში გამოიცა დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი "იუნ-ლე და დიანი"; შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპიდან ჩვენამდე მოაღწია ბევრმა სხვადასხვა სისტემურმა ენციკლოპედიამ. მ. შ. უდიდესი იყო ე. წ. "დიდი სარკე", შედგენილი დომინიკელი ბერის ვინცენტო ბოველის მიერ (1190 - დაახლოებით 1264); XIV-XVI საუკუნეებში შეიქმნდა სისტემური ენციკლოპედიები როგორც ლათინურ, ისე სხვა ენებზე.
[რედაქტირება] თანამედროვე ენციკლოპედიები
XVII-XVIII საუკუნეებში პოპულარული იყო პ. ბეილის "ისტორიული და კრიტიკულუ ლექსიკონი". 1704 წელს ჯ. ჰერისმა გამოსცა "ტექნიკური ლექსიკონი ანუ ხელოვნებისა და მეცნიერების საყოველთაო ინგლისური ლექსიკონი". პოპულარობით სარგებლობდა XVIII საუკუნის ფრანგ განმანათლებელ-ფილოსოფოსთა შესანიშნავი ძეგლი "ენციკლოპედია ანუ მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელოსნობის განმარტებითი ლექსიკონი", რომლის შექმნაში დიდი ღვაწლი მიუძღვის დ. დიდროს, მონაწილეობდნენ აგრეთვე შ. მონტესკიე, ვოლტერი, ჟ. ჟ. რუსო და ლ. დ’ალამბერი. 1768-1771 წლებში შოტლანდიელმა მესტამბემ უ. სმელიმ გამოსცა ინგლისის უდიდესი ეროვნული ენციკლოპედიის "ბრიტანიკის" სამტომეული. დიდი გავრცელება პოვა ბროკჰაუზის "სასაუბრო ლექსიკონმა", რომელიც გამოვიდა გერმანიაში XIX საუკუნის დასაწყისში. პოპულარული იყო აგრეთვე მაიერის ენციკლოპედიური ლექსიკონი. საფრანგეთში მოწონებით სარგებლობს "XIX საუკუნის დიდი საყოველთაო ლექსიკონი", რომლის რედაქტორი-გამომცემელი იყო პ. ლარუსი; 1885-1901 წლებში გამოვიდა "დიდი ენციკლოპედია" (31 ტ. პარიზი). 1929-1939 წლებში იტალიური ენციკლოპედია "იტალიანა", 1905-1930 წლებში - "ესპანური ენციკლოპედია" და სხვა. XIX საუკუნის II ნახევარში აშშ-ში გამოსცეს "ახალი ამერიკული ენციკლოპედია"; 1903-1904 წლებში გამოვიდა ენციკლოპედია "ამერიკანა". საფრანგეთში 1933 წლიდან გამოდის სისტემური "ფრანგული ენციკლოპედია" (21 ტომად) და ერთტომეული "პატარა ლარუსი". ენციკლოპედიები გამოდის ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში და რუმინეთში.
რუსეთში XIII საუკუნიდან არსებობდა "გაუგებარი" სიტყვების ლექსიკონები. XVIII საუკუნეში გამოდიოდა ე. წ. რეალური, გეოგრაფიული, ისტორიული და სხვა ლექსიკონები. 1835-1841 წლებში გამოვიდა "ენციკლოპედიური ლექსიკონი" (17 ტ., გამოცემა ვერ დაამთავრეს). 1847-1855 წლებში გამოიცა "საცნობარო ენციკლოპედიური ლექსიკონი" (12 ტომად), 1899 - ფ. პავლენკოვის ერთტომეული "ენციკლოპედიური ლექსიკონი". 1890-1907 წლებში პეტერბურგში გამოვიდა ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი. საყუდღებოა აგრეთვე გრანატის ენციკლოპედიური ლექსიკონი. 1926-1947 წლებში სსრკ-ში გამოიცა "დიდი საბჭოთა ენციკლოპედია" (I გამოცემა, 66 ტომად), ხოლო 1969-1978 წლებში მისი III გამოცემა (30 ტომად). 1953-1955 წლებში გამოიცა "ენციკლოპედიური ლექსიკონი" 3 ტომად, II გამოცემა 2 ტომად - 1963-1964 წლებში. სამჯერ - "მცირე საბჭოთა ენციკლოპედია"; გამოვიდა დარგობრივი ენციკლოპედიები: "ტექნიკური ენციკლოპედია" (26 ტომად, დამატებითი ტომით, 1927-1936), "თანამედროვე ტექნიკის ენციკლოპედია" [მშენებლობა (1964-1965, 3 ტომად), "წარმოების ავტომატიზაცია და სამრეწველო ელექტრონიკა" (1962-1965, 4 ტომად)], "ფიზიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი" (5 ტომად, 1960-1966), "მოკლე ქომიური ენციკლოპედია" (5 ტომად, 1961-1967), "სასოფლო-სამეურნეო ენციკლოპედია" (IV გამოცემა, 6 ტომად, 1969-1975), "დიდი სამედიცინო ენციკლოპედია" (35 ტომად, 1928-1936, II გამოცემა 36 ტომად, 1956-1964), "ლიტერატურული ენციკლოპედია (10 ტომად, 1929-1939, დაუმთავრებელი)", "მოკლე ლიტერატურული ენციკლოპედია" 1-9 ტ. (1962-1978), "ფილოსოფიური ენციკლოპედია" (5 ტომად, 1960-1970), "საბჭოთა ისტორიული ენციკლოპედია" (16 ტომად, 1961-1976), "პედაგოგიური ენციკლოპედია" (4 ტომად, 1964-1968), "თეატრალური ენციკლოპედია" (5 ტომად, 1961-1967), "მუსიკალური ენციკლოპედია" (4 ტომად, 1973-1978), "საბავშვო ენციკლოპედია" (III გამოცემა, 12 ტომად, 1971-1978; არსებობს მისი II გამოცემის ქართული თარგმანი ქართული მასალის დართვით) და სხვა.
XX საუკუნის 60-70-იან წლებში სსრკ-ის ცალკეულმა რესლუბლიკებმა გამოსცეს ენციკლოპედიები: "უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია" (1959-1965, 17 ტომად), "ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია" (1969-1975, 12 ტომად), "ლიტვური მცირე საბჭოთა ენციკლოპედია" (1966-1975, 2 ტომად), ლატვიის მცირე ენციკლოპედია (1967-1972, 3 ტომად), "ესტონური საბჭოთა ენციკლოპედია" (1968-1976, 8 ტომად), "სომხური საბჭოთა ენციკლოპედია" , "მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია", ყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია, "ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია", "აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია" და სხვა.
[რედაქტირება] ქართულენოვანი ენციკლოპედიები
1975 წლიდან გამოსვლა დაიწყო „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ 12–ტომეულმა. გამოცემულია აგრეთვე ენციკლოპედიები: „საქართველო“ (1997 წელს გამოვიდა 1 ტომი), „თბილისი“, „საბავშვო ენციკლოპედია“, 8–ტომეული, რომელიც წარმოადგენს ამავე სახელწოდების მქონე რუსულენოვანი ენციკლოპედიის ქართულ თარგმანს. უკანასკნელ წლებში საქართველოში ბევრი ენციკლოპედიური ნაშრომი შეიქმნა, რომლებიც ძირითადად უცხო ენებიდანაა ნათარგმნი.
[რედაქტირება] ინტერნეტ–ენციკლოპედიები
ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამ სტიმული მისცა ენციკლოპედიური ნაშრომების ვირტუალური ვერსიების შექმნას, მათ შორის არის როგორც ფასიანი, ასევე უფასო ენციკლოპედიები. უკანასკნელი წლების უმნიშვნელოვანესი პროექტია ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია, რომელსაც რამდენიმე ათასი მოხალისე ქმნის რამდენიმე ათეულ ენაზე. წინამდებარე სტატია ქართული ვიკიპედიიდანაა.
[რედაქტირება] პოპულარული ენციკლოპედიური გამოცემებია
- Neues Weltlexikon – ავსტრია
- Grand Larousse encyclopedique – საფრანგეთი
- Dictionnaire encyclopedique Quillet – საფრანგეთი
- Meyers Neues Lexikon – გერმანია
- Der Gross Brockhaus – გერმანია
- Wielka Encyklopedia Powszechna – პოლონეთი
- The Columbia Encyclopedia – აშშ
- Collier’s Encyclopedia - აშშ
- Chamber’s Encyclopedia – დიდი ბრიტანეთი
- Encyclopedia Britannica (ენციკლოპედია ბრიტანიკა)– დიდი ბრიტანეთი
- Enciclopedia Italiana – იტალია
- Большая Советская Энциклопедия (დიდი საბჭოთა ენციკლოპედია) – რუსეთი
- Малая Советская Энциклопедия – რუსეთი
- Энциклопедический Словарь Эфронна и Брокгауза – რუსეთი
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
- ლექსიკონი
- ლექსიკოგრაფია
- ლიტერატურა
- ენციკლოპედისტები