ნიკოლოზ ბერძენიშვილი
ვიკიპედიიდან
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი (* 28 დეკემბერი, 1894/9 იანვარი, 1895, სოფ. გოგოლეისუბანი, ახლანდელი ჩოხატაურის რაიონი ― † 16 ივლისი, 1965, თბილისი), ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი (1939), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1906 წელს ბათუმის გიმნაზიაში სწავლის დროს მოსწავლეთა რევოლუციური მოძრაობაში მონაწილეობისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს და ბათუმში ცხოვრება აუკრძალეს. მხოლოდ თებერვლის რევოლუციის შემდეგ 1917 წელს, დაასრულა გიმნაზიის კურსი. 1920 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1926 წელს. ი. ჯავახიშვილის შუამდგომლობით დატოვეს საქართველოს ისტორიის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1938 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1939 წელს აირჩიეს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად.
1939-1958 წლებში მუშაობდა ისტორიის განყოფილების გამგედ ჯერ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში. 1948-1965 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი, 1951-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1935-1938), თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1938-1940), თსუ-ში იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამდეგ (1946-1956).
ბერძენიშვილის თაოსნობით მოხდა მეცნიერული კვლევის გეგმაზომიერი დიფერენციაცია, მომზადდა ისტორიკოსთა კადრები. მისი თანაავტორობით დაიწერა საქართველოს ისტორიის პირველი მარქსისტული სასკოლო სახელმძღვანელო (1943). 1958 წელს მისივე რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა ნაშრომი "საქართველოს ისტორია". თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ბერძენიშვილმა საქართველოს ისტორიის პრობლემათა მეცნიერულ შესწავლაში. მარქსისტული მოძღვრების შუქზე განიხილა XIII-XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორია; წამოაყენა დებულებები ფეოდალური ხანის (VI-XIX სს.) საქართველოს ისტორიის ძირითადი პრობლემების შესახებ; გააშუქა ფეოდალური ეპოქაში მწარმოებელი კლასის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული კონკრეტული მოვლენები; დაადგინა ბატონყმობის დამკვიდრების დრო; ახლებურად ახსნა სათავადოების ჩამოყალიბების საკითხი, კერძოდ, დაასაბუთა, რომ სათავადოების წარმოშობა საქართველოს ისტორიის გარკვეულ საფეხურზე შექმნილი "ჩიხის" შედეგი იყო და არა პროგრესისა, როგორც მანამდე ფიქრობდნენ. ახევე ახლებურად გააშუქა რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის, XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობის ისტორია და სხვა მრავალი პრობლემის საკვანძო საკითხები. ბერძენიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების, შემდგომ განვითარებაში. ბერძენიშვილის კვლევა-ძიებათა მთავარი საგანი იყო ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის განვითარების საკითხები.
ბერძენიშვილის შრომებმა - "ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში" (1937), "ნარკვევი XIII-XVI საუკუნეები საქართველოს ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ისტორიიდან" (1938, რუსულ ენაზე), "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე" (1944), "XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან" (1944), "კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობაში" (1955), "საქართველოს ისტორია" (1943-1960, თანაავტორი და რედაქტორი) და სხვა, აგრეთვე ისტორიული დოკუმენტების მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციებმა - განსაზღვრა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის მიმართულება ამ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. ბერძენიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თვითონ იყო. 1947 წელს ბერძენიშვილს ი. ჯავახიშვილთან და ს. ჯანაშიასთან ერთად საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისათვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. იყო საქართველოს სსრ VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია თბილისში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.